• Georgian Version
  • English Version
  • Russian Version
3 უმთავრესი რჩევა მომავალ დედებს

3 უმთავრესი რჩევა მომავალ დედებს

რამდენიმე თვეში პატარას ელოდებით? თანაც პირველი შვილია? წარმომიდგენია, რა ხდება ახლა თქვენს გულში, ალბათ, სიხარულით მეცხრე ცაზე ხართ. ეს ძალიან კარგია, თუმცა მშობლის ამპლუა გარკვეულ სირთულეებთანაც არის დაკავშირებული. არ გეგონოთ გაშინებდეთ, უბრალოდ გაფრთხილებთ. ყველაფერს ორი მხარე აქვს – დადებითიც და უარყოფითიც. მართალია, შეუძლებელია, დედობა უარყოფითი იყოს, მაგრამ ამ სიტყვის მიღმა ბევრი ნიუანსი იმალება.

ალბათ ხშირად გაგიგონიათ, რომ ახალბედა მშობლებს უჭირთ ბავშვის მოვლა. ზოგს დაბანა აშინებს – არაფერი ვატკინოო, ზოგს – ხელში ჭერა, რადგან ახალშობილი თავს ვერ იმაგრებს; ზოგმა არ იცის, საწოვარათი როგორ აჭამოს (მაგალითად, თუ ბევრ ჰაერს ჩააყლაპებთ, პატარას მუცელი გაებერება და ძალიან შეაწუხებს), ზოგი საფენს ვერ უკეთებს სწორად, ზოგი წყალს ვერ ასმევს – არ გადასცდესო... ვეცდები, დაგეხმაროთ რამდენიმე პრაქტიკული რჩევით, რათა მალევე დაძლიოთ ყოველგვარი შიში და ბავშვთან ურთიერთობას მიეჩვიოთ.

 

1–ლი  რჩევა

სამუდამოდ დაივიწყეთ აზრი, რომ რამეს სწორად ვერ გააკეთებთ - ბავშვის დაბადების წამიდანვე იაზროვნეთ როგორც მშობელმა. იყავით მაქსიმალურად აქტიური. პირველივე წუთებიდან თამამად აიყვანეთ ხელში თქვენი პატარა, სამშობიაროშივე თავად აბანავეთ ექთანის თანდასწრებით. თუ რამე შეგეშლებათ ან არ გამოგივათ, ექთანი შეგისწორებთ და გასწავლით. მედპერსონალს სამშობიაროშივე ჰკითხეთ ყველაფერი, რაც კი გაინტერესებთ – ეს არ არის მოსარიდებელი, პირიქით, ამით ბევრს ისწავლით და უკვე გათვითცნობიერებული გაეწერებით სახლში. შეგიძლიათ, წინასწარ ჩამოწეროთ კითხვები და სამშობიაროში წაიყოლოთ. უპირველესად, ჰკითხეთ, ძუძუ სწორად როგორ მოაწოვოთ ახალშობილს. ბავშვი სულ გვერდით გყავდეთ, ღამითაც თქვენთან დაიტოვეთ. მხოლოდ სამედიცინო პერსონალზე ნუ იქნებით დამოკიდებული, იყავით საკუთარი თავის იმედად. ასე უფრო სწრაფად შეეჩვევით შვილს, ისწავლით მის „ენას“ და იოლად მიხვდებით, როდის რას ითხოვს ახალშობილი.

 

მე–რჩევა

ნურასოდეს იფიქრებთ, რომ, რაკი ახალგაზრდა ხართ, რამე არ გამოგივათ, - სინამდვილეში იმაზე გაცილებით მეტი იცით, ვიდრე გგონიათ. მედიცინა მუდმივად ვითარდება, მეთოდები და მიდგომებიც განუწყვეტლივ იცვლება და ახლდება. თუ დედათქვენი სხვაგვარად გზრდიდათ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენც იმავე მეთოდებით უნდა იხელმძღვანელოთ. მაგალითად, ძველად ბავშვებს აკვანში ჩაკრულებს ზრდიდნენ, დღეს კი ეს წარმოუდგენლად მიგვაჩნია. ძველად ნაჭრის საფენებს ხმარობდნენ, დღეს კი არსებობს უნიკალური გამოგონება – ერთჯერადი საფენები, რომლებიც მშობლების ნევრებსაც ზოგავს და ბავშვის სხეულსაც აზღვევს გადახურებისგან. ძველად ბავშვებს ისე ახვევდნენ და კრავდნენ, რომ ზოგს გული უწუხდებოდა, დღეს კი დადასტურებულია, რომ ძვლების სწორი ფორმირებისთვის ჩვილმა ხელ-ფეხი თავისუფლად უნდა ამოძრაოს. ასე რომ, ნუ იხელმძღვანელებთ მშობლებისა და ბებიების გამოცდილებით, გაეცანით და მისდიეთ ახალ მეთოდებს.

 

მე–რჩევა

სხვის აზრს თავს ნუ მოიხვევთ, მიენდეთ საკუთარ გულისთქმას და მოიქეცით ისე, როგორც თავად მიიჩნევთ საჭიროდ. მაგალითად, როგორც კი სამშობიაროდან გამოეწერებით, ყველა თავსებურად დაგიწყებთ დარიგებას. ზოგი გეტყვით, ჩვილის საძინებელ ოთახში უნდა გრილოდესო, ზოგი, პირიქით - სითბო უკეთესიაო; ზოგი გეტყვით, რომ ბავშვს თხლად უნდა ჩააცვათ, ზოგი, პირიქით - კარგად უნდა ჩაფუთნო, რომ არ გაცივდესო. ზოგი გეტყვით, რომ ბავშვის დასაბანი წყალი ცხელი უნდა იყოს, ზოგი კი, პირიქით - გრილ წყალში უნდა დაბანოო. ზოგი გეტყვით, ბავშვს ყური ღრმად უნდა გაუწმინდო, რომ წყალი არ ჩარჩესო, ზოგიც, პირიქით – მხოლოდ ნიჟარა უნდა გაუსუფთაოო. მოკლედ, რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია. ყველას ნუ აჰყვებით, ნერვები მოთოკეთ და ყველაფერი თქვენს პედიატრთან შეთანხმებით გააკეთეთ.

ავტორი: დედების კლუბის წევრი თათა ურუშაძე